სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულები უამრავ პრობლემებს აწყდებიან

`დაზღვეულებმა არ იციან რა სერვისები უნდა მიიღონ და როდესაც მათი უფლებები ილახება ვის უნდა მიმართონ~

მაკა ხარაზიშვილი

სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულები რთული სადაზღვევო პროცედურების გამოისობით და ბუნდოვანი საკონტრაქტო ვალდებულებების გამო ისევ უამრავ პრობლემას აწყდებიან.  სპეციალისტების განცხადებით, სადაზღვევო ხელშეკრულებაში თითქმის არაფერი წერია სადაზღვევო კომპანიის უფლება მოვალეობებზე, შესაბამისად, დაზღვეულის ინტერესები, ფაქტობრივად, იგნორირებულია.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გაჩნდა კერძო სამედიცინო დაწესებულებები და სახელმწიფო ფინანსების დიდი ნაწილი კერძო სადაზღვევო კომპანიებისკენ წარიმართა.

დღესდღეობით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას ახორციელებენ კერძო სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ასეგნებების ფარგლებში. ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ პროგრამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს, სათანადო ეფექტი ჯერჯერობით მიღწეული არ არის.  სპეციალისტების განცხადებით, სახელმწიფოს ისიც კი არ იზრუნა, რომ ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში მკაფიოდ განესაზღვრა სადაზღვევო კომპანიების მოვალეობები, რათა დავის წარმოშობის შემთხვევაში დაზღვეულს თავის დაცვა მარტივად შეეძლოს.

სადაზღვევო კონტრაქტის ბუნდოვანებას და ინტერპრეტაციების შესაძლებლობას სადაზღვევო კომპანიების ნაწილი აღიარებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კონტრაქტი საუკეთესოა და უმჯობესია მოსახლეობამ მისი წაკითხვა ისწავლოს. სადაზღვევო კომპანიებში აღნიშნავენ, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაზღვეული კონტრაქტს საერთოდ არ კითხულობს ან ძალიან ზერელედ გადახედავს, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ დაზღვევაში ყველაფერი შედის და ანაზღაურებადია.

შესაბამისად, დაზღვეული იწყებს მკურნალობას, მაგრამ როცა სადაზღვევო კომპანია, კონტრაქტიდან გამომდინარე, ანაზღაურებაზე უარს ეუბნება, გამოთქვამს პრეტენზიებს, რომ ამის შესახებ ან არ იცოდა ან დაპირდნენ და ახლა უარს ეუბნებიან.

კომპანია `იმედი ელის~ წარმომადგენლები `რეზონანსთან~ საუბარში აცხადებენ, რომ სადაზღვევო კონტრაქტი სრულად ეყრდნობა საქართველოს მთავრობის დადგენილებას. შესაბამისად, `იმედი ელ~-ის კონტრაქტში გამოყენებულია მხოლოდ ის ტერმინოლოგია, რაც გათვალისწინებულია აღნიშნული დადგენილებით.

`ჩვენი აზრით, კონტრაქტის ტერმინოლოგიის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს გაცილებით დიდ გაუგებრობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ამასთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინამდებარე ტიპის დაზღვევა უკვე მე-4 წელია ხორციელდება, დაზღვეულთათვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი დაზღვევის ყველა პირობა. დარჩენილი კითხვებისათვის `იმედი ელ~-ის პოლისში მითითებულია რეგიონების მიხედვით 24-საათიანი `ცხელი ხაზის~ სატელეფონო ნომრები, რომელზე დაკავშირებისას დაზღვეულს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე~, – ამბობენ `იმედი ელ~-ში.

`სადაზღვევო კონტრაქტები შედგენილია მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით. ეს არის იურიდიული დოკუმენტი. მასში ასახული უნდა იყოს თუ რა მომსახურება იფარება, აგრეთვე მხარეთა ვალდებულბები და ა.შ. მოსახლეობა უკვე მესამე წელია ამ დაზღვევით სარგებლობს და ინფორმაცია თუ როგორ და სად უნდა ისარგებონ მომსახურებით, უმეტესობას აქვს. თუმცა, გამუდმებით ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს და ჩვენი ექიმებიც ცდილობენ, რომ ზედმიწევნით ზუსტად განუმარტონ პირობები~, – აცხადებენ `ჯი პი აი ჰოლდინგში~.

`აღნიშნული ხელშეკრულებები არის მთავრობის შესაბამისი დადგენილების დებულებების მაქსიმალურად ამსახველი და, შესაბამისად, ამ ნაწილში მოკლებული ვართ რაიმე სახის ცვლილება განვახორციელოთ, რაც შეეხება ხელშეკრულების სხვა დებულებებს ისინი მაქსიმალურად გამარტივებული და გასაგებია ყველა დაზღვეულისათვის~, – აცხადებენ `ალდაგი ბისიაიში~.

ექსპერტის ლევან კალანდაძის ინფორმაციით, სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაზღვეულების ინფორმირებულობის სიმწირე ნომერ პირველი პრობლემაა. მისი თქმით, როდესაც საუბარია, დაზღვეულის უფლებების დარღვევაზე ან სერვისების არასრულყოფილად მიწოდებაზე, ამ პრობლემას, სწორედ ნაკლები ინფორმაცია ქმნის. `დაზღვეულებმა, ფაქტობრივად, არ იციან რა სერვისები უნდა მიიღონ, როდესაც მათი უფლებები ილახება ვის უნდა მიმართონ~, – ამბობს ლევან კალანდაძე.

ექპერტი ასევე აღსანიშნავს, რომ სადაზღვევო კონტრაქტებში დამზღვევების ვალდებულებების შესახებ ძალინა მცირე ინფორმაციაა, შესაბამისად, დაზღვეულები დაჩაგრულის მდგომარეობაში იმყოფებიან.

`ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხი იჩენს თავს, სადაზღვევო კომპანიებს არავინ ავალდებულებს სრულიად უზრუნველყონ დაზღვეულის უფლებების დაცვა. ასევე არ არსებობს მაკონტროლებები ორგანო, რომელიც დაზღვეულის უფლებებზე იზრუნებს. დაზღვეულმა ასევე არ იცის თუ როგორ წაიკითხოს კონტრაქტი. მასში ჩადებული სამედიცინო ტერმინოლოგია კი, რომლის განმარტება არ ხდება მუდმივი პრობლემაა. საბოლოო ჯამში, კონტრაქტი არის ბუნდოვანი. ეს არის მიზეზი იმისა, რომ პროგრამა არც ისე ეფექტურია. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ახალი წლიდან საბანკო ხელშეკრულებები წინა პლანზე წამოწიოს, თუ ეს სადაზღვევო კონტრაქტებსაც შეეხება ძალიან კარგი იქნება~, – ამბობს ლევან კალანდაძე.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ხეჩინაშვილის განცხადებით, როდესაც დაზღვევის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, პროდუქტი უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანის მოლოდინს პახუხობდეს, რისი დეფიციტიც არსებობს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არა მარტო პროდუქტია გამართული, ადამიანების მოლოდინიც არაადეკვატურია რეალობასთან.

`სადაზღვევო კომპანიასა და კლიენტს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა არსებობდეს. მათ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის მოთხოვნები. რამდენიმე საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, დაზღვევის ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა, პროდუქტის ცოდნა და ის თუ როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა სწორად დაზღვევა~, – ამბობს ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში სადაზღვევო სისტემა ახალია და ბაზარი შეცდომებზე `სწავლით~ ვითარდება. ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ რაც დრო გადის მოსახლეობა უფრო მეტად იყენებს სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ პოლისებს. თუმცა, მისი განცხადებით, თუ ამ მიმართულებით მსგავსი პრობლემები გამოიკვეთება, ეს აუცილებლად უნდა გაშუქდეს, რათა სადაზღვევო კომპანიებმა მის გამოსწორებაზე იფიქრონ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: