რა ხარვეზებია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაზღვევის პროგრამაში

ექსპერტთა აზრით, ქვეყნის სადაზღვევო ლოტებად დაყოფამ მონოპოლიზაციას შეუწყო ხელი

მაკა ხარაზიშვილი

სამედიცინო დაზღვევას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 802,6 ათასი ადამიანი იღებს. სპეციალისტების განცხადებით, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა, ვინაიდან რეალურად უფრო დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებისთვისაც სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლებელია. ექსპერტები აღნიშნულ პროგრამას დადებითად აფასებენ, თუმცა იმასაც მიუთითებენ, რომ ქვეყნის სადაზღვევო ლოტებად დაყოფამ მონოპოლიზაციას შეუწყო ხელი, რაც პროდუქტის ხარისხზე აისახება.

ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, შარშანდელმა ტენდერმა პროგრამას საკმაოდ დიდ ხარვეზი შესძინა. ქვეყანა ლოტებად დაიყო, რომელიც სადაზღვევო კომპანიებმა გადაინაწილეს, შესაბამისად, დაზღვეულს შეეზღუდა უფლება, კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს, ხოლო სადაზღვევო კომპანიებს აღარ აქვთ იმის მოტივაცია, რომ დაზღვეულებს კონკურენტული სამედიცინო მომსახურება შესთავაზონ.

“პროდუქტი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის სახელმწიფომ შემოგვთავაზა, საკმაოდ კარგია. თუმცა, ამ პროექტის განხორციელებისას გარკვეულ უხერხულობას ქმნის მისი ტექნიკური უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, რომ ტენდერის შედეგად ქვეყანა ლოტებად არის დაყოფილი. თბილისი კომპანია “ალფას” გადაეცა, იმერეთი “ალდაგი ბისიაის”, რაჭა “იმედი ელ”-ს და ა.შ. შესაბამისად, მოსახლეობას არჩევანის შესაძლებლობა შეეზღუდა. თუ რომელიმე დაზღვეულე დამზღვევით უკმაყოფილო დარჩება, მას არ აქვს უფლება, კომპანია შეცვალოს”, – ამბობს ლევან კალანდაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებისას არც სადაზღვევო კომპანიაა მოტივირებული, რომ პროდუქტის ხარისხი გააუმჯობესოს, ვინაიდან მას დასაზღვევი მოსახლეობა პირდაპირ “გადაეცა” და ბენეფიციარების მოსაპოვებლად არანაირი ღონისძიების გატარება არ სჭირდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ სამ წელს გაგრძელდება. სამი წლის შემდეგ პროგრამის მონაწილეებს არჩევანის უფლება მიეცემათ.

ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განმარტებით, ეს შეზღუდვა ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რომ სადაზღვევო პროგრამებზე თანხები მნიშვნელოვნად დაზოგილიყო. მისივე თქმით, შეზღუდვა მხოლოდ სამ წელს გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსახლეობა თავად აირჩევს, რომელ სადაზღვევო კომპანიაში დაეზღვიოს. სადაზღვევო ტენდერის შედეგად, ბიუჯეტში დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიზოგა. ეს სადაზღვევო ვაუჩერის 180-დან 144 ლარამდე გაიაფებით გახდა შესაძლებელი.

ლევან კალანდაძის განცხადებით, ამ პროგრამის ეფექტურად განხორციელების პრობლემას ქმნის ისიც, რომ არ არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას გააკონტროლებს. ეროვნული ბანკი კომპანიებს მხოლოდ ფინანსურ ზედამხედველობას უწევს. მედიაციის სამსახური არის მედიატორი კომპანიასა და დაზღვეულს შორის, როდესაც დავა წარმოიშვება, მას სხვა არანაირი ფუნქცია არ აქვს.

“უნდა შეიქმნას ძლიერი მონიტორინგის სამსახური, რომელიც სერვისის ხარისხზე იზრუნებს”, – ამბობს ლევან კალანდაძე.

პარლამენტართა ერთი ნაწილი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ბაზის გაფართოებას მოითხოვს. პარლამენტარ გურამ ჩახვაძის განცხადებით, უამრავი ადამიანია პროგრამის გარეთ დარჩენილი, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღება არ შეუძლია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, პროგრამაში მოსახვედრად პირობები უკვე დახვეწეს და, შესაბამისად, მონაცემთა ბაზა მეტ-ნაკლებად არსებული მდგომარეობის ადეკვატურია.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოში სიღარიბის შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოსახვედრად ოჯახს მაცივარი და ტელევიზორი ხელს აღარ შეუშლის. მთავრობის დადგენილებით, შეფასებისას ყურადღება ძვირადღირებულ გამათბობლებს, სატელიტურ ანტენას და პლაზმურ ტელევიზორებს მიექცევა.

სიღარიბის შეფასების ძველი კრიტერიუმები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან თუკი ოჯახში ტელევიზორი ან ტელეფონი ჰქონდათ, ღარიბად აღარ თვლიდნენ. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა სახელმწიფოსგან კატეგორიების მიხედვით, ფულად დახმარებას, სამედიცინო დაზღვევას და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათებს იღებს.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემა, როდესაც პროგრამაში მონაწილეებმა არ იციან, ნაჩუქარი ვაუჩერით რა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ.

აგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მოიპოვებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლებას. ამ პროგრამის მიზანია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამაში მონაწილეებს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ: ოჯახის ექიმის, ექთნის, ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია და ბინაზე სამედიცინო მომსახურება საჭიროების შემთხვევაში. ასევე, ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინტსრუმენტული გამოკვლევები.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია. გეგმური ქირურგიული ოპერაციები, სადაზღვევო წლიური ლიმიტით – 15000 ლარი, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები, სადაზღვევო წლიური ლიმიტით – 12 000 ლარი, მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 400 ლარი;

პროგრამა არ ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარულ ხარჯებსა და მომსახურებას, თერაპიული პროფილის გეგმურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, სამედიცინო ჩვენების გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობას, თვითმკურნალობას, საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას, ესთეტიური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ მკურნალობას, სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯებს. შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს, ასევე, თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ აქტებში, კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: