სადაზღვევო კომპანიებზე ეჭვი მიიტანეს

ძვირი წამლები სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს ნაკლებად ეფექტურს ხდის

მაკა ხარაზიშვილი

რა მოგებაზე გავიდნენ სადაზღვევო კომპანიები, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მათ განსაზღვრული მიღებული მოგების მარჟა ქვეყნის თითქმის ყველა უწყების განხილვის საგანი გახდა. შარშან კომპანიები მაღალი მოგებით საქმიანობისთვის ერთხელ უკვე დაადანაშაულეს. შესაბამისად, ხელისუფლებამ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაცემული სამედიცინო ვაუჩერების ღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა.

ამჯერად, სადაზღვევო კომპანიების დიდი მოგების მარჟაზე კონტროლის პალატის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტიც ალაპარაკდა. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში სადაზღვევო კომპანიების მოგების მარჟა დაუშვებლად მაღალია და ამ მიმართულებით რეგულაციები აუცილებელია.

პრეზიდენტი მომდევნო 2-3 წელიწადში სადაზღვევო მომსახურების გაიაფებას ელოდება. მისი თქმით, მთავრობამ მოახერხა და მილიონი ადამიანის დაზღვევა უზრუნველყო. “დაზღვევა საქართველოში საკმაოდ პრობლემატურია, იგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს”, – განაცხადა სააკაშვილმა. კერძოდ, იგი არ ფარავს ქრონიკულ დაავადებებს, ასევე წინასწარ შემოწმებას და სხვა. პრეზიდენტის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიები უნდა გაძლიერდნენ, შესაბამისად გაიაფდეს მომსახურება და გაიზარდოს იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ. ამ მიზნების მიღწევას პრეზიდენტი 2-3 წელიწადში ვარაუდობს. “სადაზღვევო ფირმების მოგების მარჟა დაუშვებლად მაღალია, რასაც სერიოზული რეგულაცია სჭირდება”, – ამბობს სააკაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიების მოგების მარჟებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც აპრილში ბაზრის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნდება.

“ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებამდე კომპანიების მოგების მარჟის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაა შესაძლებელი. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა გუშინდელ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მოქალაქეთა უმრავლესობა დაზღვევაზე ფიქრობს, რაც, მისივე თქმით, რეფორმის შედეგია, რომელიც ამ სფეროში გატარდა”, – ამბობს ხეჩინაშვილი. მისი თქმით, 2-3 წელიწადში უფრო დიდ შედეგებს უნდა ველოდეთ, რადგან ამ დროისთვის სამედიცინო მომსახურება კიდევ უფრო დაიხვეწება.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასები დაუშვებლად მაღალია. ეს პრობლემა განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ფენას აწუხებს. “რეზონანსი” უკვე წერდა, რომ ძვირი წამლები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს ნაკლებად ეფექტიანს ხდის, ვინაიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს წამლების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.

“საქართველოში მედიკამენტებზე ფასები დღესაც დაუშვებლად მაღალია. საქართველოში წამლის ფასი რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირია, რაც უნდა გამოსწორდეს. საქართველოში წამლები დიდი ხნის განმავლობაში ძვირდებოდა, თუმცა შარშან ხელისუფლებამ ფასები შეაკავა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სადაზღვევო სექტორის მაღალ მოგებებზე განცხადებები ჯერ კიდევ შარშან კონტროლის პალატის მხრიდან გაკეთდა. კონტროლის პალატის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამებიდან მოგებულები მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები რჩებიან. მიმდინარე წელს ეს სფერო მთავარი მაკონტროლებლის შემოწმებებს დაექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ შარშან სახელმწიფომ სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულება 180 ლარიდან 144 ლარამდე შეამცირა, ამის მიზეზი იყო ის, რომ მთავრობის განცხადებით, სადაზღვევოებს სახელმწიფო პროგრამებიდან დიდი მოგება რჩებოდათ. მთავრობაში მიიჩნიეს, რომ 15 ლარი თვეში ვაუჩერზე არის იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა.

მოგვიანებით, სადაზღვევო ინსტიტუტში გამოთქვეს ეჭვი, რომ სადაზღვევო პროგრამებში ჩადებული ფული მომხმარებლამდე სრულფასოვნად არ მიდიოდა. ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია სადაზღვევო და სამედიცინო სექტორი მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, რათა მოსახლეობამ სრულფასოვანი და ხარისხიანი მომსახურეობა მიიღოს.

კონტროლის პალატამ კი 2011 წლის პრიორიტეტებში სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების შემოწმება დაასახელა. პალატის წარმომადგენელის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, მაკონტროლებელი არა მხოლოდ მოგების მაღალ მარჟას, არამედ დაზღვევის ხარისხსა და ხელმისაწვდომობასაც იკვლევს. მისივე თქმით, კონტროლის პალატა პირდაპირ ვერ ჩაერევა კომპანიების ზოგად მოგების მარჟაში, რადგანაც სადაზღვევო ფინანსური ინსტიტუტია და მას მოგების მიღება სურს, თუმცა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თითოეული დეტალი გაკონტროლდება და განისაზღვრება რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ კომპანიები საკუთარ მოვალეობას და ოპტიმალურია თუ არა დაწესებული ტარიფები.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: