კონტროლის პალატა მორიგ სადაზღვევო დასკვნას 1 თვეში გამოაქვეყნებს

მაკა ხარაზიშვილი

უახლოეს მომავალში სადაზღვევო კომპანიების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა გამოქვეყნდება. კონტროლის პალატა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემურ კვლევას აგრძელებს. სადაზღვევო კომპანიების კრიტიკა ყველაზე აქტუალური კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდა. მანამდე, ამ დარგში არსებულ ხარვეზებზე არცერთ სახელმწიფო უწყებას არ უსაუბრია.

ამჯერად, სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამებმა სადაზღვევო კომპანიების მენეჯმენტის მთლიანი რესურსი შთანთქა. ამიტომაც, კომპანიები სტანდარტულ სადაზღვევო პროდუქტებს აღარ ავითარებენ.

`ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან კერძო პროგრამებზე გადასვლა იმდენად სწრაფ ტემპებში მოხდა, რომ ამ პროცესმა პრაქტიკულად შთანთქა სადაზღვევო კომპანიების მთლიანი მენეჯმენტ-რესურსი. 2011 წელს მაღალი რგოლის მენეჯმენტი გამოთავისუფლდება რუტინული პრობლემებისგან და დაზღვევის სტანდარტული პროდუქტების განვითარებაზე დაიწყებს ზრუნვას.  მაგალითისთვის, როგორიცაა ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის სფერო, მოსავლის დაზღვევა.  ამის მოტივაციის გაზრდას ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს~,- აცხადებს გიორგი ქადაგიძე. მისი თქმით, 2011 წლის მეორე ნახევარში სადაზღვევო კომპანიები სტანდარტული პროდუქტების განვითარებას გაააქტიურებენ.

სადაზღვევო კომპანიების თემა ამით არ ამოიწურება.  კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, პალატა სადაზღვევო კომპანიების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემური კვლევის შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის. საბოლოო დასკვნა კი, დაახლოებით, 1 თვეში გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-10 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის წინასწარი აუდიტით სერიოზული ხარვეზები და რისკები გამოიკვეთა. კერძოდ, ხაზგასასმელია, რომ არ ხორციელდებოდა სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგი, სადაზღვევო კომპანიებს უმწეო მოქალაქეებთან არ აქვთ გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებები, მოქალაქეები არ ფლობენ სადაზღვევო პოლისებს და არ არიან ინფორმირებულნი დაზღვევის პირობების შესახებ.

გარდა ამისა, პალატის დასკვნის მიხედვით სადაზღვევო კომპანიები უმწეო მოქალაქეებს ხელოვნურად უზღუდავენ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უსაფუძვლოდ გაჭიანურებული პროცედურებით. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებს მკურნალობის დაფინანსებაზე დაუსაბუთებლად უცხადებენ უარს, სთავაზობენ არასტანდარტულ და არასასურველ სამედიცინო დაწესებულებებს.

კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო თანხის ხარჯვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, პალატის საბოლოო დასკვნა კიდევ უფრო საგანგაშო იქნება. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ყველაზე რთული სურათი 2008 წელს იყო, როდესაც კომპანიებმა განსაკუთრებით დიდი მოგება მიიღეს: `ალდაგის~ მოგების მარჟა 80%, `აისი ჯგუფის~ 87%, `იმედი ელის~ 66%, ხოლო `ირაოსი~ 71% პროცენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ პალატის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ფინანსური პოლიცია სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიაში შევიდა და ჯანმრთელობის სამინისტროსა დ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავა.

პოლიტიკოსების განცხადებით, ჯერჯერობით კორუფციული პირამიდის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია გამოვლენილი. ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი კი მერიის სოციალური დაცვის სამსახურს მოუწოდებს, რომ კონტროლის პალატასთან ერთად სადაზღვევო კომპანიების მიერ ბენეფიციართა მომსახურების ხარისხის შესწავლა დაიწყოს და მიღებული შედეგები საზოგადოებას გააცნოს.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: