ხელისუფლება ხელს სადაზღვევო კომპანიებისაკენ იშვერს

გიგი წერეთელი: “სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნა არამართებული იქნება”

მაკა ხარაზიშვილი

მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატამ სადაზღვევო კომპანიებში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემური კვლევა განახორციელა. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა. სპეციალისტების ერთი ნაწილი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ხელისუფლებას სამართავად კერძო პირებისთვის არ უნდა მიეცა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ რეგულაციები და მონიტორინგი უნდა გაამკაცროს და ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები განახორციელოს. ამ თვალსაზრისით რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება და რატომ გაჩნდა პროგრამის განხორციელებისას აღნიშნული პრობლემები, “რეზონანსი” პარლამენტის წევრს გიგი წერეთელს ესაუბრა.

“რეზონანსი”: კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შემდეგ რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ, პრობლემა სახემლწიფო სისტემაშია თუ კომპანიების მენეჯმენტში?

გიგი წერეთელი: მიმაჩნია, რომ პრობლემა უფრო მეტად სადაზღვევო კომპანიებში გამოჩნდა. განვითარების ეს გზა ყველა ქვეყანამ გავლო და ხარვეზები ყველგან არსებობდა. სადაზღვევო კომპანიების პრინციპი არის ის, რომ ნაკლები ზარალი აანაზღაურონ, მაგრამ ეს მომხმარებლის დაზარალების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ამ შეცდომებით მნიშვნელოვანი პრაქტიკა შევიძინეთ. გარდა ამისა, იზრდება სადაზღვევო კულტურა და მოსახლეობის აქტიურობა. დაზღვეულს ეცოდინება რა უნდა მოითხოვოს სადაზღვევო კომპანიისგან.

სადაზღვევო კომპანიებში პოლისის დარიგება ხელოვნურადაც ფერხდებოდა, შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ გარკვეული თანხა მოსახლეობის დაზღვევაზე არ წარიმართა. ეს იყო კონტროლის პალატის მთავარი საკითხი. ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ სადაზღვევო კომპანიებთან მეტი მუშაობაა საჭირო, თუნდაც საკანონმდებლო თვალსაზრისით.

სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც სახელმწიფო პროგრამის განხორციელება კერძო სადაზღვევო კომპანიებს გადავეცით. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებით ვმოქმედებთ. შესაბამისად, ამ პროგრამას კერძო კომპანიები უკეთესად განახორციელებენ. თუმცა, მსგავსი გადაცდომების რისკები ყოველთვის არსებობდა. მიმაჩნია, რომ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო რეგულაციები და მონიტორინგი.“რ”: მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატამ კომპანიებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯვისას მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა, რას აკეთებს ხელისუფლება, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს?

გ.წ: საკითხი საკმაოდ მწვავედ დადგა, სახელმწიფო ამ პროცესში აქტიურად ჩაერია. სასიმოვნო არ არის, რომ ეს საკითხი სამართალდამცავი სტრუქტურების კვლევის საგანი გახდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონტროლი უნდა გაძლიერდეს, ეროვნული ბანკის, სადაზღვევო მარეგულირებელი სტრუქტურების, თუნდაც პარლამენტის მხრიდან, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ სახელმწიფო ხარჯებზე ზედამხედველობა განახორციელოს. სადაზღვევო კომპანიებს მსგავსი გადაცდომების საშუალება აღარ უნდა მიეცეთ.

მიდის სერიოზული ცვლილებები, ხდება საკითხის შესწავლა, პრაქტიკის მიღება. სამომავლოდ უფრო მეტი იქნება ზედამხედველობა სახელმწიფოს მხირიდან. საზოგადოებაც სადაზღვევო სისტემაში უკეთ ერკვევა და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი კონტროლი უმნიშვნელოვანესია.

“რ”: ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ სადაზღვევო სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პრობლემა არასწორად ჩატარებულ ტენდერში მდგომარეობს, ვინაიდან ხელისუფლებას არც კი უფიქრია, რამდენად შეძლებდნენ ტენდერში გამარჯვეუბლი კომპანიები არსებული რესურსებით ამ რაოდენობის ბენეფიციართა მომსახურებას. თქვენ რას იტყვით?

გ.წ: მიზეზი ნებისმიერ საკითხში შეიძლება ვეძიოთ. შეიძლება ტენდერსაც ჰქონდა გარკვეული ნაკლოვანებები. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და თუ ეს ხარვეზები ვინმემ დაინახა, სჯობდა, მაშინვე ეთქვა. სატენდერო მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებელია პრემიალური გათვლა უკეთესად წარიმართოს, დაზუსტდეს სატენდერო პირობები. ეს გამოცდილება მოგვცემს საშულებას, რომ ამ სისტემაში ნაკლები ხარვეზი იყოს.

“რ”: ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ეფექტიანობისთვის აუცილებელია სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნა. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

გ.წ: ჩვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რაზედაც დიდი ხანია თვითონ ვსაუბრობდით, ყველა ამ საკითხზე დისკუსიები გვქონდა. ქრისტიან-დემოკრატები ახლა ჩაერთვნენ ამ პროცესში, მაგრამ არის საკითხები, რომელთა განხილვისას გარკვეუცლი გამოცდილებაა საჭირო. სოციალურ პროგრამებს სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებდნენ და ამას კარგი არაფერი მოუტანია. მათ შეუძლიათ დაითვალონ, რა ზარალი მივიღეთ იმ სისტემით და რამდენად მაღალი იყო კორუფციის ხარისხი. შესაბამისად, მიხვდებიან, რატომ გაკეთდა აქცენტი კერძო სადაზღვევო კომპანიებზე – ნაკლებია კორუფცია და უფრო ხარისხიანად ხორციელდება პროგრამა.

ამიტომაც, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნა არამართებული იქნება. სადაზღვევო სფეროში სახელმწიფოს როლი ისევ რჩება, რომელიც შემოიფარგლება რეგულირებითა და ზედამხედველობით.

ეს სისტემა ისე არ წამხდარა, რომ უკან დავბრუნდეთ, კერძო კომპანიებს სახელმწიფო ჩავანაცვლოთ და სოციალისტური ნაბიჯები გადავდგათ. საუბარი იმ მიმართულებით კი არ უნდა წარიმართოს, რომ ერთი დავანგრიოთ და მეორე აღვადგინოთ, რომელიც უკვე მივიწყებულია, არამედ უნდა ვიმსჯელოთ, მოდერნიზებაზე, იმ საფრთხეების შემცირებაზე რომელიც არსებობს. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობამ მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.

დღეს მოსახლეობის მესამედია დაზღვეული, მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ დაზღვევის შესახებ. ამ პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი მიზანი, მოსახლეობაში სადაზღვევო კულტურის ამაღლებაცაა. საზოგადოება არ უნდა ელოდებოდეს იმას, რომ მკურნალობის ხარჯებს აუცილებლად ვიღაც გადაუხდის და საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონ არ იზრუნებს. ეს მენტალიტეტი ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს. მოსახლეობამ ჯანმრთელობის რისკების მართვა თვითონ უნდა შეძლოს, ხოლო ვისაც არ შეუძლია, მას სახელმწიფო ეხმარება. ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ. სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის სახელმწიფო უფრო და უფრო მეტს აკეთებს.

უმეტესი სადაზღვევო კომპანია ვერ განვითარდებოდა, რომ არა სახელმწიფოს მიერ ამ სექტორში ჩადებული მილიონობით ინვესტიცია. კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ სახელმწიფომ მათი განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა და მათაც საკუთარი საქმე პირნათლად უნდა შეასრულონ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: