სადაზღვევო სფეროში ძირითადი პრობლემები უკვე გამოკვეთილია

ჟურნალისტური კვლევის ცენტრის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა მაკა ხარაზიშვილი სოციალურად დაუცველებისა და პედაგოგების დაზღვევასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა და პასუხგაუცემელი კითხვები გროვდება. ამ საკითხზე ჟურნალისტური კვლევის ცენტრის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ყველა დაინტერესებული პირი ესწრებოდა. დისკუსიებისას ნათლად გამოიკვეთა, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რათა ამ პროგრამის შექმნის ორი ძირითადი მიზანი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა და სისტემის განვითარება წარმატებით განხორციელდეს. პრობლემები კი შემდეგია – საკანონმდებლო სისტემის სრულყოფა, რიგი სადაზღვევო კომპანიების მენეჯმენტის გაძლიერება, პროგრამაზე მონიტორინგის გამკაცრება, პროგრამის დეტალური გაანალიზება, ასევე ექიმთა გადამზადება. ჟურნალისტური კვლევის ცენტრი და გაზეთი “რეზონანსი” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ პროგრამას, რომლის მიზანი დაზღვეულთა ინფორმირების დონის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში “რეზონანსში” გამოქვეყნდა 24 სტატია, რედაქციაში შემოვიდა 100-ზე მეტი კითხვა, 60 ადამიანს გაეწია აურიდიული კონსულტაცია. შემოსული კითხვებიდან და სტატიებიდან გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც სახელმწიფო სამედიცინო პროექტით დაზღვეულებს ექმნებათ.“პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევის” პროექტის იურისტის ირაკლი გუნიავას განცხადებით, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა დაზღვეულისა და მზღვეველის ურთიეთრობების რეგულირება, რომელიც სახელმწიფოებრივ მიდგომას მოითხოვს. მისი თქმით, არსებული კანონი, ე.წ. ეკონომიკური მხარის რეგულირებას ახდენს, ანუ რეგულირდება დამზღვევის ფინანსური მხარე, მაგრამ კანონში ძალიან ცოტა წერია დაზღვეულისა და მზღვეველის ურთიეთრობების რეგულირებაზე. “როდესაც დაზღვეულები მომმართავენ ამა თუ იმ შეკითხვით, იმის ნაცვლად, რომ გამოვიყენო დაზღვევის შესახებ კანონი პასუხის გაცემა სამოქალაქო კოდექსიდან მიხდება. სადაზღვევო კანონი ორაზროვანია, ასევე გაუგებრად არის შედგენილი სადაზღვევო ხელშეკრულებები. არ არსებობს ამ სისტემის რეგულირების რეალური მექანიზმი. ჩემთვის ასევე გაუგებარია რის მიხედვით ხდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის სპეციალური ქულების მინიჭება. არ არის მოქნილი სტრუქტურა, სადაც დაზღვეულთა პრეტენზიები სათანადო დონეზე იქნება განხილული”, – ამბობს ირაკლი გუნიავა. საკანონმდებლო ხარვეზებსა და რეგულირების გამკაცრებაზე საუბრობს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ალასანია. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს პროგრამის დეტალური შეფასება. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ ანგარიშგების ერთი ფორმა, შესაბამისად, შეფასება საკმაოდ რთული ხდება. “ჩვენ მიერ აღმოჩენილი პრობლემების შესახებ 2009 წლის დასაწყისში უკვე ცნობილი იყო. იმ პერიოდში გაიმართა მსოფლიო ბანკის ეგიდით კონფერენცია, სადაც ორი ძირითადი საკითხი გამოიყო – მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების გაზრდა და ფინანსური დაცვა. ეს პრობლემები დღემდე არსებობს, არ გაკეთებულა ანალიზი ამ პროგრამის განხორციელებით რა ხარჯი აირიდა მოსახლეობამ. ასევე უგულებელყოფილია ანგარიშგების სისტემა. სუსტია სახელმწიფო რეგულირება. მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს იმ მომსახუოებით, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია”, – ამბობს ალასანია. პარლამენტარი მაგდა ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ძალიან მცირეა, იმისთვის რომ დაზღვეულებმა ნორმალური სამედიცინო მომსახურება მიიღონ. შესაბამისად, ანიკაშვილი ეჭვობს, რომ კომპანიები დაზღვეულებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, რათა ამ ადამიანებმა სამედიცინო სერვისის მიღებაზე უარი განაცხადონ და ამით ფული დაიზოგოს. მიუხედავად ამგვარი ხარვეზებისა, ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემების გადაჭრა ისე უნდა მოხდეს, რომ სადაზღვევო კომპანიებს ზიანი არ მიადგეს და მათ მიმართ მოსახლეობის ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს. “ხშირად მიჩნდება ეჭვი ხელოვნურად ხომ არ უქმნიან დაზღვეულებს პრობლემებს, რათა მათ ვერ მიიღონ საჭირო სამედიცინო მომსახურება და ამით თანხა დაზოგონ. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან და არსებული ბარიერების გამო, ბევრი იძულებულია უარი თქვას სამედიცინო სერვისის მიღებაზე. შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება კომპანიების მიმართ უნდობლობა. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის სამსახური გაძლიერება”, – აღნიშნავს მაგდა ანიკაშვილი. დეპუტატი გიგი წერეთელის განცხადებით, სახელმწიფომ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, როდესაც სოციალურად დაუცველებს დაზღვევის ასეთი სისტემა შეუქმნა. მისი თქმით, განვითარების ეს გზა ყველა სახელმწიფომ განვლო იგივე პრობლემებით, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა და ხარვეზების განხილვა უმნიშვნელოვანესია. “მიხარია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიდის. ასეთი ღონისძიება, სადაც სადაზღვევო საკითხში ჩართული ყველა მხარე მონაწილეობს, კარგა ხანია არ გამართულა. ასევე მიხარია, რომ ჩვენი ოპონენტები სადაზღვევო საკითხებში უკეთესად ერკვევიან. რაც შეეხება, დაზღვეულთა ინფორმირებულობას, ამ თვალსაზრისით სიმეტრია ყოველთვის დარღვეული იქნება, პროდუქტის შემქმნელმა ამ პროდუქტის შესახებ ყოველთვის უფრო მეტი იცის, ვიდრე მომხმარებელმა. თუ ამ დისბალანს კომპანია არაკეთილსინდისიერად იყენებს, ეს, ბუნებრივია, ცუდია. თუმცა, ყველამ უნდა აღიაროს, რომ სამედიცინო დაზღვევის განვითარების კუთხით სახელმწიფომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს გიგი წერეთელი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ოთარ თოიძის განცხადებით, საზოგადოებას არ უნდა ეგონოს, რომ პარლამენტმა კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ მასალებზე ხელი დააიბანა, ყველა საკითხის განხილვა და გაანალიზება მიმდინარეობს, რათა შესაბამისი ზომები გატარდეს. “სოციალურად დაუცველ ფენას შევუქმენით სისტემა, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე იღებენ სამედიცინო მომსახურებას. ეს სისტემა ისე უნდა განვითარდეს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვევის დიდი ტვირთი აიღონ. დარღვევებზე პარლამენტს ხელები არ დაუბანია, ყველა საკითხი განიხილება, ანალიზი კეთდება, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ – ეს იქნება რეგულირების გამკაცრება, საკანონმდებლო სრულყოფა თუ სხვა. ის, რომ უამრავი პრეტენზია გაჩნდა, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია”, – მიიჩნევს ოთარ თოიძე. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის რუსუდან რუხაძის განცხადებით, სამინისტრო აპირებს მოიწვიოს უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, რათა ამ პროგრამების დეტალური შეფასება გაკეთდეს. “სახელმწიფომ დაზღვეულთა ადვოკატირების მიზნით შექმნა მედიაციის სამსახური. ეს სამსახური არანაირად არ არის შეზღუდული, დაზღვეულების დაცვის თვალსაზრისით აქტიურობა გამოიჩინოს და მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. სამინისტროში ყველა საკითხზე მიდის მუშაობა, მათ შორის ანგარიშგების ფორმებზე, მიმდინარეობს გათვლები რეალური სადაზღვევო პრემიის დასადგენად”, – ამბობს რუსუდან რუხაძე.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: