სადაზღვევო დავების განხილვა ხშირად თვეობით იჭიმება

ევროპაში სადაზღვევო დავების მოკლე პერიოდში მოსაგვარებლად საკმაოდ მძლავრი სამსახურებია შექმნილი

მაკა ხარაზიშვილი

საქართველოში სადაზღვევო დავების განხილვის კულტურა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. დაზღვეულები, განსაკუთრების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პოლისის მფლობელები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, მის მოგვარებას ვერ ახერხებენ და კუთვნილ სამედიცინო მომსახურების მიღებაზე უარს ამბობენ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია პრობლემა როგორ უნდა გადაჭრას. გარდა ამისა, სასამართლოებში პროცესები მინიმუმ ერთი წელი მაინც იწელება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირს კი სასამართლო ბაჟის გადახდის შესაძლებლობაც კი არ აქვს.

სახელმწიფო სამედიცინო პროგრამით დაზღვეულების პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს მედიაციის სამსახური, რომლის არსებობის შესახებ დაზღვეულების თითქმის 90%-ს ინფორმაცია არ აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. გარდა ამისა, მედიაციის სამსახურს მხოლოდ მცირე დავების გადაჭრის შესაძლებლობა აქვს, ისიც რეკომენდაციის დონეზე.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი წმინდა კერძო ხასიათის კონტრაქტია და იმ შემთხვევებშიც კი, როცა მთავრობა სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და ამდენად არ მონაწილებს სადაზღვევო პროცესებსა და ასევე დავების განხილვაში. შესაბამისად, მოსახლეობის პრობლემებს მზღვეველი ან სასამართლო ინსტანციები განიხილავს.

პროექტის `პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევის~ იურისტი ირაკლი გუნიავა მომჩივან დაზღვეულს, პირდაპირ, სასამართლოსთვის მიმართვის რეკომენდაციას აძლევს.  `გააჩნია რა ტიპის დავაა, მაგრამ მე მაინც რეკომენდაციას ვაძლევ, რომ სასამართლოს მიმართონ, ვინაიდან მედიაციის სამსახურს, მხოლოდ რეკომენდაციის გაწევის უფლება აქვს~, – ამბობს ირაკლი გუნიავა.

მისი ინფორმაციით, სასამართლოში მიმართვისას მომჩივანმა დაზღვეულმა სარჩელის სადავო თანხის 3% უნდა გადაიხადოს. ამას ემატება საადვოკატო მომსახურების ხარჯები, რისი შესაძლებლობაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირს არ აქვს. სარჩელის შეტანიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2 თვეში უნდა გამოიტანოს, თუმცა სასამართლო სხდომების გადადება და პროცესის გაწელვა ქართულ სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ევროპულ ქვეყნებში, სადაზღვევო დავების მოკლე პერიოდში მოსაგვარებლად საკმაოდ მძლავრი სამსახურებია შექმნილი.  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ ჩვენი მედიაციის სამსახურიც ფართო უფლებებით აღიჭურვებოდა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, 1997 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო კანონი სამედიცინო დაზღვევის შესახებ. ხოლო იმავე წლის 25 ნოემბერიდან ძალაში შევიდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დეტალურად არეგულირებს სადაზღვევო ურთიერთობებს.

მედიაციის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზღვევიდან წარმოშობილი ურთიერთობები სწორედ კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი ნაწილის 5 სახელშეკრულებო ურთიერთობების ელემეტია, რაც თავის მხრივ, ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. იგი დაზღვევის პროცესში მონაწილე დაზარალებულ მხარეს უფლებას აძლევს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან ზიანის ანაზღაურება.

მედიაციის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი მატერიალური და საპროცესო სამოქალაქო კანონმდებლობის მიღების შემდეგ დარღვეული უფლებების დასაცავად სასამართლოებში შეტანილი სარჩელების რაოდენობა გაიზარდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანმრთელობის დაზღვევას ეხება.

`სასამართლო პრაქტიკის ანალიზმა აჩვენებს, რომ დავათა მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც წესი, მართლაც დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან ან არასათანადო შესრულებიდანაა წარმოშობილი. ასევე მნიშვნელოვანი წილი დავებისა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების არასწორ გაგებასთან ან შეგნებულად არასწორ ინტერპრეტაციას უკავშირდება.  ვფიქრობთ, სასამართლოსადმი მიმართვამდე სათანადო კონსულტაციების შემთხვევაში, ამგვარი საჩივრების რიცხვი გაცილებით შემცირდება~, – მიიჩნევენ მედიაციის სამსახურში.

სასამართლო პრაქტიკამ ასევე ცხადყო, რომ მორიგებით დამთავრებული დავების ხვედრითი წილი ძალზე დაბალია. ხშირად სასამართლო სხდომების გადადება პროცესს ძალიან აჭიანურებს.

ამ მხრივ მეტად საყურადღებოა სხვადასხვა ქვეყნების (მათ შორის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრალიის) გამოცდილება, სადაც სპეციალური კანონის საფუძველზე შეიქმნა ჯანმრთელობის დაზღვევის ომბუდსმენის ან დავების განხილვის საბჭოები.

მაგალითად, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი ორგანო 2006 წელს ავსტრალიაში დაარსდა და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონმდებლობაც შეიქმნა. ომბუდსმენი საჩივრების უმრავლესობას წერილობით, ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განიხილავს.  მომჩივანი ვალდებულია, პირველ რიგში, საჩივარი სადაზღვევო კომპანიაში წარადგინოს და უარის მიღების შემდეგ, საჩივრით ომბუდსმენს მიმართოს. ომბუდსმენის პერსონალი ხშირად თავად უკავშირდება პროვაიდერებს, რათა უფრო სწრაფი და სათანადო დონის სერვისი გაუწიონ დაზარალებულს.

თუ საკითხი რთულია ან თუ წინა კონტაქტმა მზღვეველთან ვერ გადაჭრა პრობლემა, ომბუდსმენი შეატყობინებს მზღვეველს ან პროვაიდერს, რომ მას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ. ომბუდსმენის გადაწყვეტილება მხარეებს ეცნობება წერილობით, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ დაზარალებულს არ აკმაყოფილებს პასუხი მას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ახსნა-განმარტება მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ან საქმის 5 ხელახალი გადახედვა.

ასევე, 2006 წელს ნიდერლანდების სამეფოში დამტკიცდა ჯანდაცვის დაზღვევის ახალი კანონი. ამ კანონის საფუძველზე შეიქმნა ჯანმრთელობის დაზღვევის დავებისა და საჩივრების ფონდი.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი კანონის თანახმად, ბევრი ახალი ინიციატივა დაინერგა, ამგვარი გადაწყვეტილებით ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. საჩივრებისა და დავების რიცხვიც მოსალოდნელზე მეტად შემცირდა.

კანონის თანახმად, მზღვეველები, გარდა სხვა მოვალეობებისა, ვალდებულები არიან შექმნან დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც მოაგვარებს ჯანმრთელობის დაზღვევის განხორციელების დროს წარმოშობილ დავებს. სწორედ, ეს დამოუკიდებელი სააგენტოა ჯანმრთელობის დაზღვევის საჩივრებისა და დავების ფონდი. ფონდის დაფუძნების მიზანი იყო, გამარტივებულიყო დაზღვეულ პირთა და მზღვეველებს შორის წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: