რა საჭიროა სადაღზვევო პოლისის მუდმივად ჯიბით ტარება?

“ბენეფიციარი ვალდებული არ არის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მას პოლისი ხელში ჰქონდეს”

ელზა წიკლაური

სოციალურად დაუცველები სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით კი სარგებლობენ, თუმცა მაშინ, როდესაც სადაზღევო შემთხვევა დგება, ისინი სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან. იმ შემთხვევაში თუ მათ საავადმყოფოში გადაყვანისას სადაზღვევო პოლისი ხელთ არ აქვთ, სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მომსახურებას, რაც სადაზღვევო პაკეტითაა გათვალისწინებული, არ უტარებენ. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემეთა ერთიანი ბაზა არსებობს და პირადობის მოწმობითაც ადვილი გასარკვევია სარგებლობს თუ არა ეს ადამიანი დაზღვევით, ექიმები მას მაინც არ ემსახურებიან.

ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. 23 წლის ნათია არახამია (სახელი და გვარი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია) გვიან ღამით ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელმაც თითქმის 2 საათით დაიგვიანა. დაგვიანების მიზეზად კი ექმებმა მანქანების მცირე რაოდენობა დაასახელს. ნათია იხსენებს, რომ როდესაც რეკავდნენ სასწრაფოში, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებდნენ – “4 მანქანა გვყავს, ყველა გამოძახებაზეა, როდესაც ერთ-ერთი მაინც გათავისუფლდება, მაშინვე გამოვუშვებთ თქვენთან”.

ღამის 12 საათზე გამოძახებული სასწრაფო დანიშნულების ადგილას ღამის 2 საათზე მივიდა. გასინჯვის შემდეგ ექიმმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნათია სასწრაფოდ რაიონულ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო. საავადმყოფოში გადაყვანილ ნათიასთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა ჰქონდა, ექიმებს ყურადღება არ მიუქცევიათ. ისინი სადაზღვევო პოლისს ითხოვდნენ, ავადმყოფს კი ის ხელთ არ ჰქონდა.

“რამდენიმე დღე თბილისში ვიყავი, სოფელში მოულოდნელად დავბრუნდი, სადაზღვევო პოლისი კი თბილისში ნათესავთან დამრჩა. პირადობის მოწმობა თან მქონდა, ვუხსნიდი ექიმებს, რომ დაზღვეული ვარ და ამის გარკვევა პირადობის მოწმობის მონაცემებითაც შეეძლოთ, თუმცა მხოლოდ იმას მპასუხობდნენ, რომ “ეს საკმარისი არ იყო”. ვერ გავიგე, სადაზღვევო პოლისიც პირადობასთან ერთად მუდმივად თან უნდა მქონდეს?

უფრო მეტსაც გეტყვით, ვიდრე ფული არ გადავიხადეთ, არ გამსინჯეს. როდესაც გამსინჯეს და აღმოჩნდა, რომ თირკმელში კენჭის გავლა მქონდა და საოპერაციო არ ვიყავი, იცით რა მითხრეს – რაკი საოპერაციო არ ხარ, რა გაგიხდათ ის ფული, რაც გადაიხადეთო”, – უთხრა “ბიზნეს-რეზონანსს” ნათია არახამიამ.

ნათია და მისი ოჯახის ყველა წევრი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით უკვე წლებია სარგებლობენ. მართალია, ნათიას მისი სადაზღვევო პოლისი ხელთ არ ჰქონდა, მაგრამ პაციენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით საავადმყოფოს თანამშრომლებს შეეძლოთ ადვილად გაერკვიათ, იყო თუ არა ის დაზღვეული და სარგებლობდა თუ არა სახელმწიფო პროგრამით.

“ბიზნეს-რეზონანსს” არ გასჭირვებია, დაედგინა, სარგებლობდა თუ არა ნათია სახელმწიფო პროგრამით და ჰქონდა თუ არა მას სადაზღვევო პოლისი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე არსებობს გრაფა, სადაც შევიყვანეთ ნათია არახამიას პირადობის მოწმობის ნომერი, პროგრამამ ის მალევე მოძებნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნათიას სამედიცინო დაზღვევის პოლისი მოქმედებაში მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლითაა. შესაბამისად, კანონის თანახმად, მისთვის სამედიცინო მომსახურება უფასოდ უნდა გაეწიათ.

ექსპერტი სადაზღვევო საკითხებში ლევან კალანდაძე “ბიზნეს რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში ძალიან ხშირად ხდება, რაც, პირველ რიგში, გაუმართავი ტექნიკური და ტექნოლოგიური სისტემის ბრალია.

“ისეთი შემთხვევები, როდესაც დაზღვეული ჰოსპიტალში მიდის და მას დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურება არ ეწევა, საქართველოში ძალიან ხშირია. ეს, უპირველესად, იმის ბრალია, რომ სახელმწიფო ამ სფეროს სრულფასოვან რეგულაციას არ ეწევა. მიუხედავად სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაზღვევის კეთილშობილური ინიციატივისა, ეს სისტემა გაუმართავია და ბევრი პრობლემა არსებობს.

არცერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, ბენეფიციარი ვალდებული არ არის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მას პოლისი ხელში ჰქონდეს. არსებობს პროგრამა, სადაც დაზღვეულები არიან რეგისტრირებულნი და საავადმყოფოც ამ პროგრამით მოქმედებს.

ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება, რაც, ვიმეორებ, გაუმართავი სისტემის ბრალია. პროგრამა ნაჩქარევად და დაუფიქრებლად გაკეთდა, რის გამოც ამ პროდუქტის ტექნიკური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა რეალურად არ არსებობს. ამის გამო, პირველ რიგში, თავად მოქალაქე იჩაგრება”, – განაცხადა კალანდაძემ.

კიდევ ერთ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სახელმწიფო ჰოსპიტალურ სექტორს არ ავალდებულებს ამა თუ იმ ადამიანის შემოწმებას, არის თუ არა ის დაზღვეული.

“ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, არადა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიების ანალოგიურად, დაზღვეულისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას და შემოწმებას საავადმყოფოსაც უნდა ავალდებულებდეს”, – დასძინა კალანდაძემ.

ნათია არახამია ამჯერად მკურნალობას გადის და ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს იღებს.

და კიდევ ერთი, კანონის თანახმად ნათიას შეუძლია საავადმყოფოში გაწეული ხარჯების ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიას მოსთხოვოს. ამისათვის, მან ფორმა #100 და საავადმყოფოში დახარჯული თანხის ქვითარი სადაზღვევო კომპანიაში უნდა წარადგინოს. შემდეგ კი სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მას ეს დანახარჯი აუნაზღაუროს.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: